ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ფარცხალაძეს და მიქაძეებს $5 მილიონის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს – დეტექტივი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. 

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც, გიორგი კაჭკაჭიშვილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ (რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა) და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილი.

ოპერატიული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. რის შემდეგადაც შეირჩა გელა უძილაური, რომელიც კვალის არევის მიზნით საბერძნეთში გაუშვეს, რომ ვითომ კვალი იქაურ ე.წ. კანონიერ ქურდებზე გასულიყო. შემდეგ, საბერძნეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი ჯოხაძე თბილისი ტაუერთან შეხვდა უძილაურს. ამის შემდეგ, ლევან ჯანგველაძე მოკლა, რის შემდეგაც, უძილაურს ჰპირდებოდნენ, რომ ის ციხეში დიდხანს არ იჯდებოდა", - თქვა რობიკო გოგიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა სასტუმრო ამბასადორის დაცვის უფროსიც.

"დამირეკა დაცვის თანამშრომელმა, და მითხრა, რომ სასტუმროს კუთვნილ მანქანას საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. ეს ძალიან უცნაური იყო, ამიტომ მოვითხოვეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება, მეც დავინტერესდი და ვიდეო/კამერების ჩანაწერების დათვალიერება დავიწყე. კამერებში ჩანს, რომ მანქანის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში ვიღაც პიროვნება ტიციან ტაბიძის სკვერიდან გამოდის. თუ მანქანა გასროლით დაზიანდა, ეს სწორედ აქედან უნდა ყოფილიყო. იმ პიროვნებას სახეზე ქურთუკი აქვს აფარებული და ქუდი ახურავს, ასევე ამ დროს სასტუმროში სწორედ ლევან ჯანგველაძე იმყოფებოდა". - თქვა მან IPN-ის ცნობით.


ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა. 

როგორც უძილაურის ადვოკატმა მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".

როგორც მარიამ ტაბატაძემ 18 მარტს განაცხადა, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.

12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის  მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.

17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.  

კომენტარები