ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოქვეყნებულ გამოძიებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს სიუჟეტი არის სიყალბე და უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია.
კობახიძემ, გეკა გელაძის სიტყვები გაიმეორა და განმარტა, რომ "კამიტი" არათუ მიტინგის დასაშლელად არ გამოყენებულა, არამედ არასდროს შეუძენია შსს-ს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, როგორც მოგეხსენებათ საკითხის დრამატიზებისთვის ბიბისიმ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფილიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება "კამიტი" გამოიყენა.
შსს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, ბიბისის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება.
იმთავითვე ცხადია, რომ ბიბისის სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც 2 მიზანს ემსახურება. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად." - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს, TV იმედმა გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, სამინისტროს ჰქონდა შეძენილი და 2012 წლამდე იყენებდა.
"ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!" - თქვა გომელაურმა.
ქართული ოცნების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყოს.
ხოლო სუს-მა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.





