სამთავრობო ტელევიზია "იმედი" ივანიშვილის ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარს ავრცელებს BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.
როგორც სამთავრობო პროპაგანდისტული მედია "იმედი" ავრცელებს, გომელაურის თქმით "ნივთიერებები, რაზეც ისინი [BBC-ის გამოძიება], ლაპარაკობენ შსს-ს შეძენილი ჰქონდა და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე.
"ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!" - თქვა გომელაურმა, სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია "იმედი"-ს ცნობით.
ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.





