სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა B.P. TRANS-ის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხელიამ ბრალი აღიარა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
იგივე საქმეზე ბრალდებულია და ძებნა გამოცხადებულია სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელზე, ვანის საკრებულოს დეპუტატზე ბიჭიკო პაიკიძეზე.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კვარაცხელიას მიერ ბრალის აღიარების შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმეში ბრალდებულ კიდევ 4 პირი იოსებ ჭანჭალეიშვილი, როინ ფოფხაძე, გიორგი კვახაძე და ირაკლი გალოგრე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული ბიჭიკო პაიკიძესაც. პაიკიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა დღევანდელ სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 200 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას შუამდგომლობდა, სასამართლომ მისი პოზიცია გაიზიარა.
სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოცხადდა.
- ონკოპაციენტია, ტოვებს ხოლმე საქართველოს, მკურნალობს თურქეთში – ადვოკატი პაიკიძეზე
- ₾4 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, პაიკიძეს - დაუსწრებლად
25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.
რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.
ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.
ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.





