ბიჭიკო პაიკიძე

ონკოპაციენტია, ტოვებს ხოლმე საქართველოს, მკურნალობს თურქეთში – ადვოკატი პაიკიძეზე

ვანის საკრებულოს დეპუტატისა და სუს-ის ყოფილი უფროსოს, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ონკოლოგიური პაციენტია და მან საქართველოს საზღვარი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა. 

სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნას გამოაცხადებენ.

ჭკადუას თქმით, პაიკიძემ თურქეთში გარკვეული სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა. თუმცა მისთვის პაიკიძის ადგილსამყოფელი უცნობია.

"დაბარებული ვარ, რომ დაუსწრებლად მოხდეს ბრალის წარდგენა. ბუნებრივია, ჩავიბარებთ ბრალის დადგენილებას და სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ბატონ ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, მას მამა ჰყავს გარდაცვლილი, ონკოლოგიური პაციენტია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან მკურნალობს თურქეთის რესპუბლიკაში. 

ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, რამე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა. 

დავიწყოთ იმით, რომ ის საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა, მან ჩაიტარა გარკვეული პროცედურები, ჩემთვის რომ ცნობილი იყოს მისი ადგილსამყოფელი, ბუნებრივია, მე თქვენ ამის თაობაზე ვერ მოგახსენებთ". - თქვა ირმა ჭკადუამ.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, საქმეზე დაკავებული საზედამხედველო კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს.

სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.

რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 

ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.

ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე "ქართული ოცნების" ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები