ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, პაიკიძეს პასპორტი გაუუქმეს, ამიტომ ვერ ბრუნდება საქართველოში. ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბიჭიკო პაიკიძე საქართველოში არ დაბრუნებულიყო, მას პასპორტი გაუუქმეს...
მან ერთ-ერთ ქვეყანაში პასპორტი დაკარგა, ის საქართველოში იუსტიციის სახლს ელექტრონულად დაუკავშირდა, რათა ახალი პასპორტი აეღო, მან კანონით დადგენილი ყველა გზა გაიარა, როცა აღნიშნული პასპორტი მასთან მის მეუღლეს მიჰქონდა, ის საზღვარზე არ გაუშვეს და ეს პასპორტი ბატონი ბექა ხუნაშვილის [პროკურორი] წერილით გაუქმებულია. ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია მის მოქალაქეზე იზრუნოს, რა ტიპის დამნაშავეც არ უნდა იყოს ის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებენ. დიახ, ბრალდებას არ სურს ის აქ იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს." - თქვა ირმა ჭკადუამ, IPN-ის ცნობით.
4 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისთვის სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეზე. შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.
ბიჭიკო პაიკიძე ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.
მისი შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.





