სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი, ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პასპორტი ჩამოართვა.
"საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გაუუქმა. მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულია" - განაცხადა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესზე.
პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განცხადდებით, პაიკიძე მიმალვის მიზნით, სავარაუდოდ, ესპანეთში ან პორტუგალიაში აპირებდა გადასვლას.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, ბიჭოკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შპს BP TRANS-ის დამფუძნებელი ქვეყანაში არ იმყოფება, სუს-ის ცნობით, ის მიმალვაშია და მასზე ძებნა გამოცხადდება.
სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნას გამოაცხადებენ.
25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.
რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.
ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე "ქართული ოცნების" ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.
ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.





