ფლანგვის დეტექტორი

დეტექტორი: ვანის საკრებულოს დეპუტატის კომპანიამ $22 მილიონის ტენდერები მოიგო

ფლანგვის დეტექტორი

2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

ინფორმაციას Facebook გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან "ქართული ოცნების" ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

"2013 წელს დაარსებულ შპს "ჯორჯიან ენერჯიში" ბიჭიკო პაიკიძე სხვადასხვა დროს კომპანიის 25 და 50 პროცენტიან წილებს ფლობდა. Აღნიშნულ კომპანიას 2014 წლიდან 25 სახელმწიფო ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც თითქმის 7 მილიონი ლარია. ყველა ამ შემთხვევაში შემსყიდველი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო, მაგ: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხაშურის მუნიციპალიტეტი, GWP, თბილსერვის ჯგუფი." – ვკითხულობთ განცხადებაში.

2018 წლიდან, დეპუტატი სახელმწიფო ტენდერებში ოპერირებას მის მიერ 2012 წელს დაარსებული კომპანია შპს B.P. TRANS-ით ახორციელებს, რომელსაც 2019 წლამდე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2019-20 წლებში ამ კომპანიამ 7 სახელმწიფო ტენდერიდან 4-ში გაიმარჯვა. ამ 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22 005 115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოებისთვის კი, ავანსის სახით, უკვე მიღებული აქვს 4 223 454 ლარი.

საინტერესოა, რომ ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი. 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72 000 ლარი შესწირეს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014 წელს პაიკიძის კომპანია “ჯორჯიან ენერჯი” RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა.

 

კომენტარები