ბიჭიკო პაიკიძე

პროკურორის თქმით, ₾4 მლნ-ზე მეტის მითვისებისთვის ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს

სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული შპს BP TRANS-ის ყოფილი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც სუს-ს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ ინტერპრესნიუსის ცნობით, საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელ ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული

18 ნოემბერს საქმეში ბრალდებულმა B.P. TRANS-ის დირექტორმა, ვალერიან კვარაცხელიამ ბრალი აღიარა. ის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოცხადდა.

25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.

რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 

ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.

ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე ქართული ოცნების ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები