ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება ნაპოვნია და მიმდინარეობს ექსპერტიზა.
გელაძე ამბობს, რომ თვითმფრინავს ერთი შავი ყუთი ჰქონდა, რომელიც ნაპოვნია.
"გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტი ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო 1 000-ზე მეტი ადამიანი ქართული მხრიდან, ასევე თურქული მხარის წარმომადგენლები. მინდა შსს-ს დანაყოფებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ასევე თურქულ მხარეს გადავუხადო მადლობა, რომლებიც ახლაც აქტიურად არიან ჩართული საგამოძიებო და სამაშველო მოქმედებებში ჩართული.
ნანახია შავი ყუთი, შავი ყუთი არის ერთი. ყველა ტექნიკური საშუალება ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან". - განაცხადა გეკა გელაძემ.
ბორტზე მყოფი ეკიპაშჟის 19 წევრის ცხედარი 12 ნოემბერს იყო ნაპოვნი, ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებული, ბოლო, მე-20 პირის ცხედარი კი ცოტა ხნის წინ იპოვეს, გელაძის თქმით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა, ეკიპაჟის 20-ივე წევრის ცხედარი ნაპოვნია.
გუშინ, 12 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.





