თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილია თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი

თვითმფრინავი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის, ბორტის ნომერი 68-01609.

FlightRadar24-ის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან აფრინდა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.

თვითმფრინავმა რადარზე მოძრაობა თბილისის დროით 14:49-ზე შეწყვიტა, როცა ის ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიის მაღლა იმყოფებოდა. 1 წუთის შემდეგ თვითმფრინავი რადარიდან გაქრა. მონაცემების მიხედვით, ამ დროს თურქული თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზემოთ, ქოლაგირის მონასტრის მახლობლად დაფრინავდა.

თვითმფრინავის მარშრუტი მისი აფრენიდან, რადარიდან გაუჩინარებამდე

აქამდე სოციალურ ქსელებში ქართულმა მედიებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა ჩანდა. როგორც კადრებში ჩანს, სატვირთო თვითმფრინავი ნაწილებად დაშლილი ვარდება. მას აკლია წინა და კუდის ნაწილები. 

კაისერიდან აფრენილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 11 ნოემბერს 12:10-ზე დაფრინდა. მსგავსი ფრენა, კაისერიდან განჯაში და უკან, ამავე ბორტს შესრულებული ჰქონდა 10 ნოემბერსაც.
10 ნოემბრის ფრენის მარშრუტი განჯიდან კაისერის მიმართულებით

 

კომენტარები