"პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა.
ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.
ჩვენ შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას."





