თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას, ბოლო, მე-20 პირის ცხედარიც იპოვეს

ირაკლი გედენიძე/პირველი არხი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კმ-ში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას, ბოლო მე-20 პირის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა, 20-ივე პირის ცხედარი ნაპოვნია. 

გუშინ, 12 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.

კომენტარები