დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, რის პარალელურადაც სასამართლოს მიმდებარედ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების დავით და გიორგი მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე დაკავებულია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არაა ცნობილი.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.





