ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე წივწივაძის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძისთვის, საადვოკატო საქმიანობაში ჯგუფურად ხელის შეშლის ბრალდებით, ლაშა მაისურაძე დააკავეს. ტაბულა დეტალებს შსს-ში არკვევს, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
TV პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისურაძე ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის თანამშრომელია.
"აღნიშნული პიროვნება, რა თქმა უნდა, იყო დასაქმებული, აი დაცვაში მუშაობდა კონკრეტული პირის თუ სად, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან გადამეტებული იქნება, რომ ამაზე რაღაც შეფასება გავაკეთო" - უთხრა TV პირველს, მაისურაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მაისურაძემ მასთან დავით მიქაძე დააკავშირა, რომელიც ბარდაველიძეს დაემუქრა.
"არ უკითხავს ჩემი სახელი და გვარი და მეუბნება ასეთ რამეს - დათუნას უნდა შენთან საუბარი. როდესაც ვკითხე - ვინ დათუნას? მეუბნება რომ მიქაძეს.
მაწვდის ტელეფონს, მეუბნება, რომ უსაფრთხოა, ვეუბნები რომ "გისმენთ", იქიდან ცოტა ისეთი, ბოხი, "ბლატნოი" ხმით მეუბნება, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი. იქედან კიდევ ისმის ვიღაც ადამიანის ხმაც და "ეს უნდა დავბრიდო". - განაცხადა 16 სექტემბერს ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ რადიო თავისუფლების ცნობით.
მაისურაძის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებამ მისი ტელეფონი ამოიღო და დალუქა, ასევე ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში.
"რა ხელშეშლაზეა საუბრი, როცა ლაშა მაისურაძეს ერთი ზედმეტი სიტყვა არ აქვს ჩემი კოლეგისთვის ნათქვამი. იგი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
[...] ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ლაშას არანაირი ხელშეშლა ჩემი კოლეგისთვის და ზოგადად, საადვოკატო საქმიანობისთვის არ განუხორციელებია" - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
გარდა ამისა, TV პირველის ცნობით, ასევე გამოიკითხა, გიორგი ბერიაშვილი - პირი, რომელმაც ბარდაველიძესთან მაისურაძე დააკავშირა.
"საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩხრეკა ჩატარდა მასთან სახლში, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა ამოღებული და შემდეგ ის გაათავისუფლეს". - თქვა TV პირველთან ადვიკატმა ალექსანდრე კობაიძემ გიორგი ბერიაშვილზე.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
როგორც უძილაურის ადვოკატმა მედიას განუცხადა, საქმეში სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული მასალა არ დევს და "არ არსებობდა მტკიცებულებითი საფუძველი, რომ გელა უძილაურის მისამართით ზოგადად გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა".
როგორც მარიამ ტაბატაძემ 18 მარტს განაცხადა, გელა უძილაურმა ჩვენება მისცა, ასევე მონაწილეობა მიიღო ყველა საპროცესო მოქმედებაში.
12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.





