სუს

სუს: ჰექსოგენის საქმეზე კონსპირაციული ბინა გავჩხრიკეთ - ამოვიღეთ მიკროსქემები, ფული

სახელმწიფო უსაფრთოსების სამსახურის (სუს) განცხადებით, ე.წ. ჰექსოგენის საქმესთან დაკავშირებით "ბრალდებულის მიერ დაქირავბული კიდევ ერთი კონსპირაციულ ბინაში" ჩხრეკა ჩაატარეს. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ჰექსოგენის საქმესთან დაკავშირებით.

დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 


ცნობისთვის, 11 სექტემბერს, სუს-მა განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეს სატვირთო მანქანით საქართველოში 2.4 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი შემოქჰონდა - საქმეზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერს სუს-მა დაიწყო გამოძიება, არსებობდა თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად დაანონსებულ საპროტესტო აქციას შორის, მიუხედავად იმისა, რომ, სუს-ისვე ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ნივთიერების საბოლოო დანიშნულება იყო რუსეთი, სადაც სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.

სუს-ის ნარატივს იმეორებს რუსი სენატორიც. როგორც ТАСС-ი წერს, მან საქართელოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, სუს-ზე დაყრდნობით, არჩევნებსა და საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, "უკრაინელი აგენტები ცდილობენ ქვეყანაში ისედაც დაძაბული სიტუაციის დესტაბილიზებას", წერს ТАСС-ი. 

სავარაუდოდ, რუსეთის ობიექტებზე იერიშების მისატანად ასაფეთქებლები უკრაინის სპეცსამსახურებს საქართველოს გავლით წარსულშიც შეუტანიათ. 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად სავალი გზის ნაწილი ჩაინგრა. მაშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, რომ მათ ტერიტორიაზე ასაფეთქებლით დატვირთული სატვირთო ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს გავლით შევიდა. ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.

2025 წლის ივლისში ФСБ, რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე მორიგ თავდასხმას გეგმავდა და ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით მოხვდა. მაშინ მამუკა მდინარაძემ ეს ბრალდება არც უარყო და არც დაადასტურა. "შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება." - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები