ФСБ

მდინარაძე ФСБ-ს განცხადებაზე: შეიძლება მართლაც რაღაც გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა

"შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება" - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებას. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვიდან გაიგო. მისივე თქმით ის არაფერს გამორიცხავს. როგორც მდინარაძე ამბობს, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს, მათ შორის, რუსეთისას, საკუთარი ინტერესები აქვთ და მათ გაშიფვრას ის ვერ დაიწყებს.

"პირველად მესმის ახლა თქვენგან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი რეაქცია, რაც მაქვს - არაფერს გამოვრიცხავ. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს, მათ შორის, რუსეთის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირების ავტორი ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისი ინტერესები აქვთ და მის გაშიფვრას მე ვერ დავიწყებ. შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება.

ყველა ქვეყანას, ოკუპანტსაც, არაოკუპანტსაც, მეგობარს თუ მეგობრად წოდებულს, აქვს თავისი ინტერესები, და ყველა ქვეყნის და მისი სპეცსამსახურების მსგავსი განცხადება უნდა განვიხილოთ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

[...]

რუსეთს აქვს ინტერესი დააზიანოს სხვადასხვა ინტერესები, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსი. ოკუპაცია განგრძობითად, გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს მყარად და ა.შ. მათ შორის, ებრძვის დღეს და დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს უკრაინის. რა ინტერესები ექნება? მეგობრული ინტერესები ამასთან მიმართებაში არ ექნება, ხომ?! და უნდა გამოვიდეს ის თავისი ინტერესებიდან და ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ჩვენ როგორ გავშიფროთ ეს, როგორი ჟესტია, დაკავშირება უნდა თუ არა, დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს. შეიძლება მართლაც ასე იყო, და გამოაგდეს და აწყობდათ რეალობის ასახვა, შეიძლება, მართლაც რაღაცა გაიპარა საქართველოდან, ან არ გაიპარა, არავინ არ იცის ეს, ამას დადგენა სჭირდება. სამართალდამცავებიც ამასთან დაკავშირებით ჯერ მოახდენენ რეაგირებას და შემდეგ განცხადებას გააკეთებენ". - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა. ФСБ-ს ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი "ზემო ლარსი" გადაკვეთა.

კომენტარები