რადიო თავისუფლების ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩომ უპასუხათ, რომ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების, ჰექსოგენის შემოტანის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ "ქართული მხრიდან არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია".
გამოცემისთვის მიწერილ განცხადებაში საელჩო აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით "ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას" თვალყურს მუდმივად ადევნებენ.
გარდა ამისა, საელჩომ რადიო თავისუფლებას მიწერა, რომ "საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად".
ცნობისთვის, 11 სექტემბერს სუს-მა განაცხადა, რომ ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი, 8 ერთეული მობილური ტელეფონი, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორების სიმ ბარათები, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.
ასევე, სუს-ის ცნობით, დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვას გულისხმობს.
მოგვიანებით, 12 სექტემბერს სუს-მა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის.
ამავე დღეს ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სუს-ი ბრალდებულებსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის კავშირით დაინტერესდება.
"თავისთავად, ეს არის უკვე ძალიან მძიმე ფაქტი, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ფიგურანტი ამ საქმის საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებით უნდა დაინტერესდეს უსაფრთხოების სამსახური და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც". - თქვა კობახიძემ.





