რუსი სენატორი ალექსანდრ ვოლოშინი, რომელიც ოკუპირებული დონეცკის წარმომადგენელია, ირწმუნება, რომ უკრაინა საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ისაუბრა.
ვოლოშინი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 სექტემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში 2.4 კგ ასაფეთქებელი მასალის შემოტანას ცდილობდა.
"დღეს ვაკვირდებით, როგორ ტოვებს უკრაინა რუსულ-უკრაინული დაპირისპირების ჩარჩოს და როგორ იქცევა საფრთხედ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, იყენებს ყველა მეთოდს, რათა, კიევისვე აზრით, დაასუსტონ რუსეთი. საქართველოში უკრაინის მოქალაქეების რამდენიმე კილოგრამი ჰეგსოგენით დაკავება ცხადად აჩვენებს: კიევი მზადაა გამოიყენოს ტერორისტული მეთოდები, რათა მოახდინოს ქაოსის პროვოცირება და მიაღწიოს თავისთვის სასარგებლო პოლიტიკურ შედეგებს." - თქვა ვოლოშინმა.
12 სექტემბერს სუს-მა დაიწყო გამოძიება, არსებობდა თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების პარალელურად დაანონსებულ საპროტესტო აქციას შორის, მიუხედავად იმისა, რომ, სუს-ისვე ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ნივთიერების საბოლოო დანიშნულება იყო რუსეთი, სადაც სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.
სუს-ის ნარატივს იმეორებს რუსი სენატორიც. როგორც ТАСС--ი წერს, მან საქართელოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა, სუს-ზე დაყრდნობით, არჩევნებსა და საპროტესტო აქციებს დაუკავშირა. მისი მტკიცებით, "უკრაინელი აგენტები ცდილობენ ქვეყანაში ისედაც დაძაბული სიტუაციის დესტაბილიზებას", წერს ТАСС-ი.
"[კიევს] ეშინია, რომ საქართველოს მაგალითი, რომელიც ახდენს ეკონომიკური ზრდისა და მეზობლებთან პრაგმატული ურთიერთობების დემონსტრაციას, უკრაინული რეალობისთვის კონტრასტული გახდება, ამიტომ პროდასავლური საქართველოს სჭირდება უკრაინას მხოლოდ პოტენციური "მეორე ფრონტისთვის" არ სჭირდება... საქართველოს არჩევნებში ჩარევისა და შესაძლო დივერსიების მომზადების მცდელობები არის მორიგი დადასტურება, რომ კიევის რეჟიმი მზადაა წავიდეს ნებისმიერ ქმედებაზე დასავლური მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, კონფრონტაციული პოლიტიკის გასაგრძელებლად და სამშვიდობო პროცესის საბოტაჟისთვის." - თქვა რუსმა სენატორმა.
სავარაუდოდ, რუსეთის ობიექტებზე იერიშების მისატანად ასაფეთქებლები უკრაინის სპეცსამსახურებს საქართველოს გავლით წარსულშიც შეუტანიათ. 2022 წელს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად სავალი გზის ნაწილი ჩაინგრა. მაშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, რომ მათ ტერიტორიაზე ასაფეთქებლით დატვირთული სატვირთო ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს გავლით შევიდა. ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო.
2025 წლის ივლისში ФСБ, რამდენიმე პირის დაკავების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ უკრაინა ყირიმის ხიდზე მორიგ თავდასხმას გეგმავდა და ასაფეთქებელი ნივთიერება რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით მოხვდა. მაშინ მამუკა მდინარაძემ ეს ბრალდება არც უარყო და არც დაადასტურა. "შეიძლება ასეც იყოს, ან არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება." - თქვა მდინარაძემ.





