რუსული რეჟიმი

"არ გაპატიებთ ტერორს" - საზმაუ ხალხს ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმაურება

საზმაუ ხალხს

ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდისტული მედიების კამპანიას მოძრაობა საზმაუ ხალხს გამოეხმაურა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ერთი კვირის წინ, მოქალაქის, ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული გაშავების კამპანია დაიწყო. პროსახელისუფლებო მედიებმა: იმედმა, რუსთავი 2-მა და პოსტვი-მ ეს კამპანია სისტემურად და კოორდინირებულად ააგორეს.

ორი დღის წინ ონისეს ჯგუფურად ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდამსმხელს საჯაროდ ექომაგება და თავდებობას სთავაზობს დეპუტატი დიტო სამხარაძე, რომელიც თავადაც არაერთი ფიზიკური ძალადობის მონაწილეა. დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს პასუხობს, რომ ზოგჯერ "პოლიცია ვერ დაგიცავს". ეს პირდაპირი გზავნილია მოძალადეებისთვის. ეს არის საჯარო წაქეზება, რომ უარესი მოხდეს.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ეს არის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობაც ეკისრებათ სამთავრობო ტელევიზიებსა და ძალადობის წამქეზებელ პირებს.

პროპაგანდისტული მედიები ამ წამსაც აგრძელებენ დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, რომლის შენობასთანაც ახლა ვდგავართ, თავდასხმას მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს: მათ ეთერი სრულად დაუთმეს თავდამსხმელს, მის მეგობრებს, ადვოკატებსა თუ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, თუმცა ონისეს პოზიცია არ გაუშუქებიათ.

ტრაგედიებით სავსე ქვეყანაში ხელისუფლება ერთი მოქალაქის სიძულვილისთვის იცლის. ამჯერად, მტრად წარმოაჩენს არა რომელიმე პარტიას, ორგანიზაციას თუ ჯგუფს - არამედ ერთ მოქალაქეს.

ჩვენ საგანგაშო საფრთხეს ვგრძნობთ.

კვირაზე მეტია, სამთავრობო მედიები არათუ აქეზებენ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას, არამედ ეს მათი პირდაპირი დაკვეთაა. თუკი ონისეს ან მის ახლობლებს მომავალშიც რაიმე შეემთხვევათ, პასუხისმგებლობა კვლავ მათზეა, ვინც ამ კამპანიას აგორებს, მოძალადეებს მფარველობს და ამ საქციელს იწონებს.

მივმართავთ საზოგადოებას, მედიებსა და პოლიტიკურ ფიგურებებს: გამოიჩინეთ კეთილგონიერება: ვიღონოთ ყველაფერი, რომ ონისეზე თუ მის ახლობლებზე სამომავლო ძალადობის შემოქმედები არ გავხდეთ.

და ბოლოს, მივმართავთ პარტია ქართულ ოცნებას: გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ:

არ გაპატიებთ ტერორს. არ გავჩერდებით და არ გავჩუმდებით!


ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან 22 ივლისს დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს - "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!"

თავდამსხმელები ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის.

შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც მათი განცხადებით, "დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა".

ოქრიაშვილზე თავდამსხმელმა ნიკო ხურცილავამ 23 ივლისს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, "მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამვლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით."

დღეს, ივანიშვილის დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, "მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!"

24 ივლისს, პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ნიკო ხურცილავას ბრალი წარედგინა და მის მიმართ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები