ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულმა, გელა უძილაურმა სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმედ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გამოცემისვე ცნობით, მოწმის სახით გამოძახებულმა მამუკა ბაღდავაძემ უძილაურის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. თუმცა, ის ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე, სადაც ბრალდებულია, ჩვენებას მისცემს.
სასამართლოში ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ სანდრო წივწივაძის ძმამაც.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.
12 აგვისტოს შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში 3 პირი, მათ შორის, ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა, ხოლო მის ძმას, დავით მიქაძეს და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
წარდეგნილი ბრალები გულისხმობს: შეკვეთით და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას.
17 სექტემბერს დავით მიქაძეს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლაშა მაისურაძე. გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს - ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის" შვილიშვილმა ყოფილ გენპროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა.
მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ჯანგველაძის მძღოლის, გია ჩადუნელის მიერ სასამართლოში 29 სექტემბერს მიცემული ჩვენებით, ჯანგველაძე ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოში ორჯერ შეხვდა.
ცნობისთვის, 19 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.





