"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას" - ნათქვამია ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ფიშერს განემარტა, რომ ვენის კონვენციის შესაბამისად, რომ "აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში". მათივე ცნობით, გერმანიის ელჩს ბოჭორიშილის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა.
"შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ "დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა". - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე გამოეხმაურა 24 სექტემბერსა ევროკავშირისა და 26 ქვეყნის საელჩოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას - საელჩოები უარყოფენ ივანიშვილის რეჟიმის ბრალდებებს ელჩებისადმი, რომ თითქოს ისინი ახალისებენ ძალადობას და არღვევენ ვენის კონვენციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პეტერ ფიშერთან არნიშნული განცხადებაც განიხილეს და "დაინტერესდნენ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით".
"ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.
საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება". - ნათქვამია განცხადებაში.
პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში, 24 სექტემბერს დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე მან თქვა, რომ სამინისტროში დაიბარეს, რაც მისივე განცხადებით, დიპლომატიური სანქციის ფორმაა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ივანიშვილის წარმომადგენლები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ელჩი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ ადანაშაულებენ. მაგალითისთვის, პაპუაშვილმა კალაძის ტიტუშკების მიერ მოწყობილ ძალადობაშიც პეტერ ფიშერის ბრალეულობა დაინახა.





