ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

EU-ს და 26 ქვეყნის საელჩო: მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს

ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და ქართული ოცნების რეჟიმის მიერ მათ წარმომადგენლებზე თავსხმებს ეხმაურებიან. 

საელჩოები უარყოფენ რეჟიმის ბრალდებებს ელჩებისადმი, რომ თითქოს ისინი ახალისებენ ძალადობას და არღვევენ ვენის კონვენციას. 

დიპლომატიური მისიები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან.

"მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.

დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან - მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან - შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ". - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ივანიშვილის წარმომადგენლები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ელჩი ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში არაერთხელ ადანაშაულებენ. მაგალითისთვის, პაპუაშვილმა კალაძის ტიტუშკების მიერ მოწყობილ ძალადობაშიც პეტერ ფიშერის ბრალეულობა დაინახა.

კომენტარები