საქართველო-გერმანია

ზაარბრიუკენის გადაწყვეტილების გამო კალაძე გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილით" მიმართავს

კახა კალაძე ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, გერმანულმა ქალაქმა ზაარბრიუკენმა, რომელიც თბილისს ოფიციალურად 1975 წელს დაუძმობილდა, საქართველოს დედაქალაქთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა. ოფიციალური განცხადება ქალაქის მერის, უვე კონრადტის ოფისმა გაავრცელა.

ამასთან დაკავშირებით, ივანიშვილის მერი კახა კალაძე გერმანელ ხალხს "სამძიმრის წერილით" მიმართავს და წერს, რომ "დიფ სთეითის მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება". კალაძეს სჯერა, "რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება".

"საქართველოსა და გერმანიის ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მიუხედავად, სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება.

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ზიანდება ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული კულტურული და პარტნიორული კავშირები.

დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და "გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს...

თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს...

ყოველივე ზემოთქმული ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ აბსურდულ, ამავდროულად კი ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც გერმანიის მოსახლეობა არსებული ბიუროკრატიის პირობებში აღმოჩნდა, ბიუროკრატიისა, რომელიც არა გერმანელების, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესს ემსახურება. არადა, საუბარია რაციონალურ გერმანელ ხალხზე და ქვეყანაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური კულტურით და ევროპული ღირებულებების პატივისცემით გამოირჩეოდა.

ალბათ ამიტომაცაა, რომ გერმანულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, რამდენად პასუხობს არსებული ბიუროკრატიული მმართველობა თავად გერმანელი ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს.

ჩვენ გვჯერა, რომ გერმანულ საზოგადოებას აქვს საკმარისი სიბრძნე და შესწევს ძალა, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები და შეძლოს იმგვარი პოლიტიკური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც გერმანიისა და გერმანელების რეალური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს და გერმანელი ხალხის ნებას დაემორჩილება" - წერს კალაძე.

კომენტარები