ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ენტონი ალბანეზისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ერთობლივი განცხადების მიხედვით, ავსტრალია სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს. მანვე დაამატა, რომ ამით ორი სახელმწიფოს იდეის მხარდაჭერა სურს.
"ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე აპირებს, რათა ორი სახელმწიფოთი გადაჭრისკენ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ და მძევლების გათავისუფლებისკენ საერთაშორისო ბიძგში წვლილი შეიტანოს". - წერია ალბანეზისა და ვონგის განცხადებაში.
როგორც Reuters წერს, ალბანეზიმ კანბერაში რეპორტიორებთან საუბრისას თქვა, რომ ავსტრალიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოების აღიარება დამოკიდებული იქნება ვალდებულებებზე, რომლებიც პალესტინის ადმინისტრაციამ (PA) აიღო.
გამოცემის მიხედვით, ალბანეზიმ ასევე თქვა, რომ 7 აგვისტოს ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ელაპარაკა და უთხრა, რომ ომის დასამთავრებლად არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გამოსავალი არის საჭირო
ცნობისთვის, 31 ივლისს კანადის პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 24 ივლისს გამოაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.





