ისრაელი "კატეგორიულად" უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას, აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისთვის, 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ აღიარეს, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იგივე ნაბიჯის გადადგმას კიდევ 7 ქვეყანა აპირებს.
"[ეს] უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს რეგიონში და სამომავლოდ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის შანსებს ძირს უთხრის." - წერს ისრაელის საგარეო სამინისტრო X-ზე.
ისრაელის თქმით, ეს "არა მხოლოდ აჯილდოებს ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების მიმართ ჩადენილ ყველაზე დიდ ხოცვა-ჟლეტას იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, რომელიც მოითხოვს და ცდილობს ისრაელის განადგურებას, არამედ კიდევ უფრო ამყარებს ჰამასისადმი მხარდაჭერას."
განცხადების მიხედვით, სახელმწიფოებრიობის სტატუსი უნდა დარჩეს საბოლოო საკითხად და არ უნდა მოხდეს მისი მშვიდობისგან გამიჯვნა. სამინისტრო ამატებს, რომ პალესტინის ადმინისტრაციას არ შეუწყვეტია პროვოკაციები, ტერორისტების დაჯილდოება და არც ადეკვატურად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. "პალესტინის ადმინისტრაცია არის არა პრობლემის გადაჭრის, არამედ თავად პრობლემის ნაწილი." - ამბობს ისრაელი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ "არ დაეთანხმებიან წარმოსახვით ტექსტს, რომელიც აიძულებს მიიღონ დაუცველი საზღვრები".
"პოლიტიკური ჟესტები, რომლებიც მიზნად ისახავს შიდა ამომრჩეველზე ზემოქმედებას, მხოლოდ ზიანს აყენებს ახლო აღმოსავლეთს და არ არის სასარგებლო. ამის სანაცვლოდ, თუ ამ განცხადებაზე ხელმომწერ ქვეყნებს ნამდვილად სურთ რეგიონის სტაბილიზაცია, ისინი უნდა ფოკუსირდნენ ჰამასზე ზეწოლაზე, რათა გათავისუფლდნენ მძევლები და დაუყოვნებლივ განაიარაღონ ის."





