გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის პროცესს. ამის შესახებ მან ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე ისაუბრა.
"გერმანიის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, სავარაუდოდ, პროცესის დასასრულს მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს". - თქვა ვადეფულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წინსვლის ერთადერთი გზა ბრძოლის დაუყოვნებლივ დასრულება და მძევლების გათავისუფლებაა.
"რეგიონს ახლა სჭირდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა, ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარება და მძევლების დაუყოვნებლივი, უპირობო გათავისუფლება". - თქვა ვადეფულმა.
21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოებრიობა ოფიციალურად აღიარეს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, პორტუგალიამ და კანადამ.





