24 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.
მაკრონმა გადაწყვეტილება პალესტინის ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისთვის მიწერილი წერილის გამოქვეყნებით გაასაჯაროვა. წერილში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი ამ ნაბიჯს ფორმალურად სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაადასტურებს.
"ამ ეტაპზე ყველაზე გადაუდებელი საკითხი ღაზაში ომის შეწყვეტა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენაა" - წერს მაკრონი.
France 24 აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ევროპული ქვეყანა იქნება, რომელიც პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებაზე ჯერ არ უპასუხია.





