ოკუპირებული აფხაზეთი

ბარციცი რუსული ფლოტის ბაზაზე: ოჩამჩირეში საბრძოლო ხომალდების სადგომი უკვე ფუნქციონირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდებისთვის განკუთვნილი სადგომი უკვე ფუნქციონირებს. მას არ უსაუბრია მშენებარე ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების სხვა დეტალებზე.

ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"[ლავროვთან ერთად] განვიხილეთ მატერიალურ-ტექნიკური სარემონტო ბაზის შექმნის საკითხიც. როგორც უკვე ვთქვი, ეს დაკავშირებულია რეგიონში, ოჩამჩირის რაიონში გლობალური უსაფრთხოების სფეროსთან. ჩვენ ვთვლით, რომ ეს უსაფრთხოების სტანდარტებს გაზრდის, შეგვიქმნის უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - თქვა ბარციცმა რუსულ ბაზასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა ბარციცს ჰკითხა, როდის იწყება მშენებლობა და რა დანიშნულება ექნება ბაზას, რაზეც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ოჩამჩირეში საბრძოლო ხომალდების სადგომი უკვე ფუნქციონირებს.

"სინამდვილეში, ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების სადგომი უკვე ფუნქციონირებს. მსურს ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელ რთულ პლიტიკურ სიტუაციაში, რომელიც მსოფლიოს მრავალ რეგიონში წარიმართა, მათ შორის ქვეყნებში, რომლებსაც შავ ზღვაზე აქვთ გასასვლელი, განსაკუთრებით დასავლეთ შავიზღვისპირეთში, ეს იქნება დამატებითი ფაქტორი, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების სტანდარტებს გააძლიერებს. რაც შეეხება თარიღებს, თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს, მომავალში გავიგებთ კონკრეტულ რიცხვებს." - თქვა ბარციცმა. 

ბარციცმა ასევე თქვა, რომ თბილისისა და დასავლეთის განცხადებები "არაფერზე მოქმედებს" და რეგიონში "ძალთა თანაფარდობას" ვერ ცვლის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) 2024 წლის ანგარიშში ვარაუდობდა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში არა მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას, არამედ "საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალს" აშენებდა.

აპრილის მეორე ნახევარში რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ელჩმა ხელახლა დაადასტურა, რომ ოჩამჩირეში რუსული ფლოტისთვის ბაზის აშენება იგეგმებოდა. მისი თქმით, ეს არ იქნებოდა "ახალი", არამედ სარემონტო-ტექნიკური ბაზა.

აქამდე, გასული წლის აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ უარყო, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა შენდებოდა.


2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

ამავე წლის 23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობდნენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

2023 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".

ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა ამ წელს დაწყებულიყო. თუმცა, უკვე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, აგვისტოს დასაწყისში მან თქვა, რომ რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობაზე საუბარი არ მიდიოდა.

ამას გარდა, 2024 წლის მარტში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანდა. ამის შემდეგ გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანდა ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ტერიტორია. კადრებში კარგად იყო ასახული, რომ ამ არეალში ინდუსტრიული სამუშაოები მიმდინარეობდა და მიწის დიდი ნაწილი გადათხრილი იყო. ამავე წლის ივლისში გავრცელდა ცნობა ოჩამჩირის პორტში ერთი რუსული სამხედრო ხომალდის გაჩერების შესახებ.

ივლისის ბოლოს საგამოძიებო პროექტი Bellingcat-ი წერდა, რომ რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები