სუს-ის ანგარიში 2024

სუს ვარაუდობს, რომ რუსეთი ოჩამჩირეში საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალს აშენებს, არა ბაზას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2024 წლის ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული პროცესების თავში, საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში დაანონსებული სამხედრო პორტის მშენებლობაზეც. 

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური გამოთქვამს ვარაუდს, რომ მიმდინარე პროცესები უკავშირდება არა სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის მშენებლობას, არამედ "საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს".

აღსანიშნავია, რომ 24 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში, ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა ხელახლა დაადასტურა.

"მაღალი ალბათობით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას. მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს". - წერია სუს-ის 2024 წლის ანგარიშში. 

სუს ანგარიშში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში [2024 წელს] ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონში გარკვეული სამუშაოები დაფიქსირდა, "კერძოდ, გაიკაფა ტყის მასივის გარკვეული ზონები და განხორციელდა საზღვაო აკვატორიის გაწმენდითი სამუშაოები".

ოკუპირებულ ოჩამჩირეში პორტის მშენებლობაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშში არის საუბარი. სუს მაშინ წერდა, რომ "მოცემულ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება, აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წელს აღნიშნავდა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

სუს 2024 წლის ანგარიშში ასევე ეხმაურება სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხსაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, რუსეთი აეროპორტის აღდგენით, "დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს". 

"თავის მხრივ, ოკუპირებული რეგიონი შეეცდება აეროპორტის ფუნქციონირება რეგიონის განვითარების "ინდიკატორად" წარმოაჩინოს, ე.წ. დამოუკიდებლობის ილუზია შექმნას და საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. სტატუსის მოსაპოვებლად გამოიყენოს". - წერს სუს. 

ცნობისთვის, 7 თებერვალს, სოხუმის აეროპორტში, სატესტო რეჟიმში, რუსული თვითმფრინავი დაეშვა.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

ამავე წლის 23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობდნენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

2023 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".

ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა ამ წელს დაწყებულიყო. თუმცა, უკვე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, აგვისტოს დასაწყისში მან თქვა, რომ რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობაზე საუბარი არ მიდიოდა.

ამას გარდა, 2024 წლის მარტში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანდა. ამის შემდეგ გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანდა ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ტერიტორია. კადრებში კარგად იყო ასახული, რომ ამ არეალში ინდუსტრიული სამუშაოები მიმდინარეობდა და მიწის დიდი ნაწილი გადათხრილი იყო. ამავე წლის ივლისში გავრცელდა ცნობა ოჩამჩირის პორტში ერთი რუსული სამხედრო ხომალდის გაჩერების შესახებ.

ივლისის ბოლოს საგამოძიებო პროექტი Bellingcat-ი წერდა, რომ რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები