ოკუპირებული აფხაზეთი

უკრაინის დაზვერვა: რუსები ოჩამჩირეში აქტიურად მუშაობენ, პორტის ინფრასტრუქტურა აღადგინეს

ოჩამჩირის პორტი 2023 წელს
Google Maps

უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ Апостроф TV-სთან ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოჩამჩირის პორტში რუსეთის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

სკიბიცკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა.

"ქალაქ ოჩამჩირეში, აფხაზეთში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. რუსებმა იქ ფსკერის გაღრმავების სამუშაოები ჩაატარეს, პორტის ინფრასტრუქტურა განაახლეს, რათა აქ განლაგებული სამხედრო ხომალდები უზრუნველყოფილი იყოს. თუმცა ეს მაინც პატარა ადგილი იქნება". – თქვა სკიბიცკიმ.

როგორც სკიბიცკი განმარტავს, რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დისლოკაციის შეცვლა განპირობებულია ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის გახშირებული იერიშებითა და ოპერაციებით.

"ოკუპანტებს შორის არის პანიკური განწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვანადგურებთ სამიზნეებს... ისინი ხვდებიან, რომ ომი ყირიმის ტერიტორიაზე გადავიდა". – თქვა სკიბიცკიმ. 

ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა. ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები