ოკუპირებული აფხაზეთი

მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

Navalnews.com

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. 

სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4 და 5 ივლისის ფოტოებით ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. 2022 წლის 17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი ჩაძირეს, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა. 

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა წელს დაიწყოს.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები