რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ ხელახლა დაადასტურა აქამდე გავრცელებული ცნობა, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. მან ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
აქამდე, გასული წლის აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ უარყო, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა შენდებოდა.
კვიცინიას თქმით, ის, რაზეც მედიაში გასულ წელს საუბრობდნენ, არის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარემონტო-ტექნიკური ბაზა. მისი მტკიცებით, ეს ობიექტი ახალი ბაზა არაა, რადგან მისი შენება 2009 წელს სოხუმის მარიონეტულ რეჟიმსა და მოსკოვს შორის დადებული მოკავშირეობის შეთანხმების ფარგლებში ხდება.
"თავდაცვის სფეროში რუსეთთან სრული ურთიერთგაგება გაგვაჩნია. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, რომელიც უკვე არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. რაც შეეხება მეორე ბაზას - მსგავსის საკითხი პრესაში გაჟღერდა სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გაფართოების შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სარემონტო-ტექნიკურ ბაზაზე ქალაქ ოჩამჩირეში. თუმცა მე ამას კლასიკური გაგებით "ახალ ბაზას" არ ვუწოდებდი. ყველაფერი ხდება 2009 წლის მოკავშირეობისა და სამხედრო თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. ხაზს გავუსვამ, აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა საკითხს. რუსული ძალების ყოფნას გააჩნია თავდაცვითი ხასიათი და მიმართულია პოტენციური აგრესიის შეკავებისკენ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო ჯერ კიდევ უარს ამბობს ხელი მოაწეროს იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ამიტომაც უსაფრთხოების მსგავსი ზომები გამართლებულია. აფხაზეთის საზოგადოებაში ესმით: რუსეთთან სამხედრო კოოპერაციის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია." - თქვა კვიცინიამ.
2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.
ამავე წლის 23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობდნენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.
2023 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".
ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა ამ წელს დაწყებულიყო. თუმცა, უკვე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, აგვისტოს დასაწყისში მან თქვა, რომ რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობაზე საუბარი არ მიდიოდა.
ამას გარდა, 2024 წლის მარტში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანდა. ამის შემდეგ გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანდა ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ტერიტორია. კადრებში კარგად იყო ასახული, რომ ამ არეალში ინდუსტრიული სამუშაოები მიმდინარეობდა და მიწის დიდი ნაწილი გადათხრილი იყო. ამავე წლის ივლისში გავრცელდა ცნობა ოჩამჩირის პორტში ერთი რუსული სამხედრო ხომალდის გაჩერების შესახებ.
ივლისის ბოლოს საგამოძიებო პროექტი Bellingcat-ი წერდა, რომ რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო.
ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.