ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპანტების სამუშაოები ოჩამჩირის პორტში – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო [VIDEO]

20 მარტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ "სოხუმში მცხოვრები მეგობრებისგან" მიიღო ფოტომასალა, რომლებშიც ოჩამჩირის პორტში მიმდინარე სამუშაოები ჩანს.

ამის შემდეგ, რამდენიმე საათში გავრცელდა დრონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის ტერიტორია. კადრებში კარგადაა ასახული, რომ ამ არეალში ინდუსტრიული სამუშაოები მიმდინარეობს და მიწის დიდი ნაწილი გადათხრილია. 

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

23 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ოჩამჩირის პორტში რუსები აქტიურად მუშაობენ, გააღრმავეს ფსკერი და განაახლეს ინფრასტრუქტურა.

25 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გახსნასთან დაკავშირებით თქვა, რომ "მათ ყველგან მისწვდებიან".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ 2024 წლის იანვარში აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მუშაობა შესაძლოა წელს დაიწყოს.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

კომენტარები