ოკუპირებული აფხაზეთი

რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე

ოკუპირებული აფხაზეთი

რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო პორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებაც. დამატებით დეტალებზე საუბრისგან ბჟანიამ თავი შეიკავა. საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არც კრემლში გააკეთეს. მოვლენებს წინ უსწრებდა სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, ციკლონის შემოსვლა.

ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის ომის სურათის გათვალისწინებით. ბოლო ხანებში ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ბაზა უკრაინის მნიშვნელოვანი თავდასხმების სამიზნე ხდებოდა. პირველი მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მიადგა, სარაკეტო კრეისერი Москва-ს ჩაძირვა იყო. ეს გასული წლის აპრილში მოხდა. აღსანიშნავია, რომ გემი, როდესაც მას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, პორტში არ იდგა. უკრაინამ სევასტოპოლის საზღვაო ბაზებზე მასობრივი იერიშების მიტანა დრონებისა და უპილოტო კატერების მეშვეობით ამ წლის ზაფხულში ინტენსიურად გაზარდა, ბოლო პერიოდში კი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიწოდებული Storm Shadow SCALP-ის ტიპის რაკეტებიც გამოიყენეს.

გასულ კვირებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდი მატერიალური და რეპუტაციული ზარალი მიადგა. ჯერ, 13 სექტემბერს, სერგო ორჯონიკიძის სახელობის ხომალდების სარემონტო ქარხანაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მძიმედ დაზიანდა პროექტი 775-ის (NATO-ს კოდური სახელით Ropucha) კლასის სადესანტო გემსა და Палтус-ის ტიპის (NATO-ს სახელით Kilo) წყალქვეშა ნავს. ამის შემდეგ, მორიგი მნიშვნელოვანი დარტყმა სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიში იყო. მართალია ამ ოპერაციამ არ გამოიღო ის შედეგი, რასაც ელოდნენ და ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი ცოცხალია, თუმცა ცხადი გახდა, რომ სევასტოპოლში რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტების ეფექტიანად დაცვა არ შეუძლია.

მარცხნივ - 13 სექტემბერს სევასტოპოლის პორტზე მიტანილი დარტყმის შედეგი; მარჯვნივ - ფაქტობრივად განადგურებული Kilo-ს ტიპის წყალქვეშა ნავი. ქვედა ფოტო - დარტყმის შედეგად დანგრეული შტაბი

შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის სამხედრო პორტს ტოვებენ

ზემოხსენებული მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში, ბჟანიას მიერ მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის ცნობის გავრცელებამდე, ამერიკული მედია, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ სევასტოპოლის სამხედრო პორტს რუსული ხომალდები ტოვებდნენ და სხვა სამხედრო პორტებში გადაჰყავდათ.

სატელიტურ ფოტოებსა და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, 4 ოქტომბერს WSJ წერდა, რომ რუსეთმა სევასტოპოლიდან გაიყვანა მნიშვნელოვანი ხომალდები, მათ შორის სამი მოიერიშე წყალქვეშა ნავი და ორი ფრეგატი. ცნობების მიხედვით, ფლოტის ნაწილი გადაყვანილია ნოვოროსიისკისა და ფეოდოსიის (რომელიც ყირიმზე მდებარეობს) სამხედრო პორტებში.

მოსკოვში დაფუძნებული სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის ანალიტიკოსის, მიხაილ ბარაბანოვის თქმით, Kilo-ს კლასის სამმა წყალქვეშა ნავმა, მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა ორმა ფრეგატმა და ერთმა საპატრულო გემმა სევასტოპოლის პორტიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნოვოროსიისკის პორტში გადაინაცვლა. ამას გარდა სადესანტო გემი, ასევე რამდენიმე მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი და ახალი გამნაღმველი გემები ფეოდოსიის პორტში გადავიდნენ. ბაირამოვმა ამის შესახებ Planet Labs-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ისაუბრა.

სევასტოპოლიდან ფეოდოსიასა და ნოვოროსიისკში გადანაწილებული რუსული ხომალდები

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას გადაცემულ იარაღზე გარკვეულ შეზღუდვას უწესებენ. კერძოდ, მათ არ შეუძლიათ შორი მანძილის რაკეტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ გამოყენება. შესაბამისად, რუსეთი ხომალდების ნოვოროსიისკის პორტში გადატანით გემებისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიების შექმნას ცდილობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შავი ზღვის ფლოტი, სევასტოპოლიდან გასვლის შემდეგ, ხელშეუხებელი გახდება. ამ წლის 4 აგვისტოს, სწორედ ნოვოროსიისკის პორტში, უკრაინულმა უპილოტო დრონებმა რუსული სამხედრო ხომალდი წარმატებით დააზიანეს. ამის მიუხედავად, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საზღვაო დრონებისა და სარაკეტო იერიშების სიმძლავრეს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია. ამას გარდა, მსგავსი უპილოტო კატერები უფრო მარტივი მოსაგერიებელია, ვიდრე დაბალ სიმაღლეზე მფრენი ფრთოსანი რაკეტების, რომელთა დაფიქსირებაც რადარებს უჭირთ. თუმცა, საზღვაო დრონებს საკუთარი დადებითი მხარეც აქვს – ეს არის შედარებით იაფი საშუალება, რომლის წარმოება უკრაინას თავადვე შეუძლია.

უკრაინული საზღვაო დრონები
UNITED24

სევასტოპოლისა და შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელობა რუსეთისთვის

სევასტოპოლს, ისევე როგორც მთელ ყირიმის ნახევარკუნძულს, რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს რეგიონი მოსკოვისთვის შავ ზღვაზე სრული უპირატესობისა და კონტროლის მოპოვების საწინდარია. თუმცა, მათ ამ აუზში ჰყავთ მნიშვნელოვანი კონკურენტები, რომელთა შორისაა თურქეთიც. შესაბამისად, სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზა წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ობიექტი იყო.

სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკრაინის სუვერენული ტერიტორია იყო. სამხედრო პორტი წლების მანძილზე სადაო საგანი იყო რუსეთისა და უკრაინის მთავრობებს შორის. ეს ობიექტი და მასთან დაკავშირებული უფლებები კიევისთვის რუსეთის წინააღმდეგ არსებული მცირე ბერკეტთაგანი იყო. მაგრამ, ამავდროულად, პორტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო სამხედრო აგრესიის მნიშვნელოვან საყრდენსაც წარმოადგენდა. ეს ბაზა საფრთხის შემცველი შავი ზღვის სხვა ქვეყნებისთვისაც იყო. აქ განთავსებული ხომალდების მეშვეობით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა.

ფოთის პორტში ჩაძირული 206МР Вихрь-ის კლასის (NATO-ს კოდური სახელით Matka-ს კლასის) ხომალდი თბილისი

2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსიისთვის სწორედ შავი ზღვის ფლოტი გამოიყენა. რეგიონში სტრატეგიული და სამთავრობო ობიექტების დაკავებას სწორედ ამ ბაზის სამხედროები ხელმძღვანელობდნენ. ანექსიის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აქტიურად შეუდგა შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებასა და განახლებას.

სევასტოპოლის სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობის მიუხედავად, აშკარაა, რომ რუსეთი აქ მდებარე სამხედრო პორტს შესაბამისად ვერ იცავს და განლაგებულ ხომალდებს საფრთხე ექმნება. სწორედ ამიტომ, მოსკოვმა შავი ზღვის ფლოტის გემების სხვადასხვა პორტებზე გადანაწილება უკვე დაიწყო. თავად ეს სამხედრო განშტოება მიმდინარე ომში კრემლისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

პირველ რიგში, მაშინ, როცა რუსეთის სახმელეთო ძალებმა უკრაინელი სამხედროების პირისპირ არაეფექტიანობა გამოიჩინეს, სამხედრო მოქმედებების საყრდენად მოსკოვს ზღვაზე დომინაცია რჩება. უკრაინის საზღვაო ძალებს მათთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ (თუმცა, ამჟამად ეს სხვაობა უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა განშტოებებმა შესაბამისი შეიარაღების მიღებითა და შემუშავებით ნაწილობრივ დააბალანსეს). შავი ზღვის ფლოტის მეშვეობით რუსეთი გასული თვეების განმავლობაში მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევდა საპორტო ქალაქ ოდესას, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პუნქტია. იერიშების სამიზნეები ბოლო ხანებში ხშირად ხდებოდა ხორბლის საცავები.

ამას გარდა, შავი ზღვის ფლოტი კრემლისთვის კიდევ ერთი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. ამჟამად მისი ძალების სხვა ფლოტებიდან შევსება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან თურქეთს, მონტროს კონვენციის შესაბამისად, საკუთარი სრუტეები ომში ჩართული ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, მოსკოვისთვის შავი ზღვის ფლოტის ყოველი გემი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საზღვაო ძალების ეს განშტოება მათთვის ყირიმის შენარჩუნების მთავარი ბერკეტია.

შავი ზღვის ფლოტი, აფხაზეთი და ოჩამჩირის პორტი

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე შავი ზღვის ფლოტის აქტიურობა სიახლე, რა თქმა უნდა, არაა. 2009 წლიდან, არამხოლოდ დიდი ზომის ბომბორას მე-7 სამხედრო ბაზა დაფუძნდა, არამედ ოკუპანტებმა მუშობა საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც დაიწყეს. 2009 წლის 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფლოტი ოჩამჩირეში, სადაც პორტი საბჭოთა დროიდან მოყოლებული არსებობდა, ბაზის მოწყობას გეგმავდა. მათ სამხედრო საზღვაო ძალებში ხსნიდნენ, რომ ოჩამჩირის პორტს გამოიყენებდნენ "საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან დივერსიებისა და ტერაქტების საფრთხის" გათვალისწინებით.

ოჩამჩირის პორტი, 2023 წელი

ოჩამჩირის პორტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1930-იან წლებში შეიქმნა. 1940 წლიდან აქ განთავსდა სასაზღვრო საპატრულო ხომალდების მე-6 ცალკეული ბრიგადა. 1980-იან წლებში აშენდა კატერების სარემონტო ობიექტიც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქ, ისევე, როგორც სხვა ბაზებზე, რუსი სამხედროები რჩებოდნენ, თუმცა მათ პორტის დატოვება 1996 წელს დაიწყეს და ქალაქ კასპიისკში გადაინაცვლეს. დივიზიამ აფხაზ სეპარატისტებს, დაახლოებით, ამავე პერიოდში ორი კატერი გადასცა.

რადგან ეს პორტი თავდაპირველად მცირე ზომის კატერებისთვის იყო გათვლილი, მისი სიღრმე დიდი არ ყოფილა. სწორედ ამიტომ, 2009 წლის ივლისში ნავსაყუდლის ფსკერის 9 მეტრამდე გაღრმავების სამუშაოები დაიწყო. ამავე წლის დეკემბერში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ), სეპარატისტული რეგიონის ე.წ. "საზღვრის" კონტროლისთვის აქ სობოლისა და მანგუსტის ტიპის ოთხი კატერი ჩააყენა. 2010 წელს მათი რაოდენობის გაორმაგება გადაწყვიტეს. ამ პერიოდისთვის რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აფხაზეთის წყლებში გააქტიურდა. 2009 წლის ბოლოს შენიშნეს რუსული წყალქვეშა ნავი ალროსა. უკვე 2010-იან წლებში ოკუპანტები, შავი ზღვის ფლოტის გამოყენებით აქ სამხედრო წვრთნებსაც ატარებდნენ.

აფხაზეთის პორტებს შავი ზღვის ფლოტისთვის 2008 წლის ომის შემდეგ, სანამ მოსკოვი ყირიმზე კონტროლს მოიპოვებდა, განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და რუსეთისთვის თავის დაზღვევის გზა იყო, რადგან, წარსული გამოცდილებით, სევასტოპოლის ბაზის ექსპლუატაციის ხარჯებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებასთან, შესაძლოა, უთანხმოება მოსვლოდათ. პარალელურად, ეს გადასახადი და ბაზის ექსპლუატაციის ვადები კრემლისთვის დამატებითი თავის ტკივილი იყო. სამხედრო პორტის შენარჩუნება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იქნებოდა უკრაინის სათავეში (2010 წლის აპრილში მოვლენები სწორედ კრემლის სასარგებლოდ წარიმართა, როცა უკრაინის პრორუსმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლის პორტის ექსპლუატაციის უფლება გაუხანგრძლივა). ამასთან ერთად, მოსკოვის საზღვაო ძალა, რომელიც, ამ პერიოდში შავი ზღვაში ჯერ კიდევ ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ერთ ადგილზე იყო თავმოყრილი, რაც კრემლს წამგებიან პოზიციაში აყენებდა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო წვრთნები აფხაზეთის სანაპიროზე 2018 წელი
© Томас Тхайцук

აფხაზეთის პორტების მნიშვნელობაზე 2010 წელს საუბრობდა რუსეთის სახელმწიფო დუმის უკვე ყოფილი დეპუტატი, ადმირალი ვლადიმირ კომოიედოვი:

"თუ გავითვალისწინებთ, რომ შავი ზღვის ფლოტი ახლა ძირითადად კონცენტრირებულია სევასტოპოლში, ხოლო ნოვოროსიისკის სამხედრო საზღვაო ბაზა ახლა შენდება, ეს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამარჯვებაა. ამიერიდან, შავი ზღვის ფლოტი იქნება უფრო გადანაწილებული, შესაბამისად, ნაკლებად დაუცველი. ამას დამატებული, გადაჭრილი იქნება აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის დავალება ზღვის მეშვეობით". – ამბობდა რუსი ადმირალი.

იმისთვის, რომ ოჩამჩირის პორტი მუდმივ საზღვაო ბაზად იქცეს, აქ რუსეთს ჩასატარებელი ექნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. კვლავ მოუწევთ ფსკერის გაღრმავება, თუ აქ ბრძოლისუნარიანი ხომალდების განთავსებას აპირებენ. განალაგებენ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც და დაიწყებენ სარემონტო ქარხნის გაფართოება-განახლებას. რთული სათქმელია, თუ რა დრო დასჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას, თუმცა შესაძლებელია, რომ ამ პორტში ნელ-ნელა დაიწყონ შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლიდან გამოყვანილი მცირე ზომის სარაკეტო ხომალდების განთავსება, რაზეც სოხუმში გემი ციკლონის ვიზიტიც მიუთითებს. უკრაინის ომის კონტექსტის გარდა, მსგავსი სამხედრო ნავსაყუდელი გრძელ ვადაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევა იქნება, თუ საოკუპაციო ხაზის მახლობლად თანამედროვე ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებული ხომალდები განთავსდება.

სოხუმის პორტში გაჩერებული მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი ციკლონი, 2023 წლის 29 სექტემბერი
© Томас Тхайцук

 

კომენტარები