18 მაისს პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს გაიმართება.
ნაციონალისტური პარტია კანონი და სამართლიანობას მიერ მხარდაჭერილი ანდჟეი დუდა პრეზიდენტის ოფისს 10-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ქვეყნის პრეზიდენტს გააჩნია გარკვეული პოლიტიკური და საკონსტიტუციო უფლებამოსილებები. ასევე ის წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე და ითვლება ქვეყნის შეირაღებული ძალების მთავარსარდლად. გარდა ამისა, პრეზიდენტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივებზე ვეტოს დადების უფლებაც, რამაც ტუსკის მთავრობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებაში ხელი ამ დრომდე არაერთხელ შეუშალა.
IBRiS/Polskie Radio 24-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის (10-11 მაისი) მიხედვით, პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი, რაფაუ თშასკოვსკი ხმების 31.5%-ს მიიღებს, მეორე ადგილს ანდჟეი დუდას პარტიის კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, კაროლ ნავროცკი დაიკავებს ხმების 23.6%-ით, მესამეს კი ულტრამემარჯვენე პარტია კონფედრაციის კანდიდატი, სლავომირ მენცენი ხმების 12.6%-ით.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, კვლევის მიხედვით, ცენტრისტული პარტია პოლონეთი 2050-ის ლიდერი, შიმონ ჰოლოვნია 8.6%-ს მიიღებს, ახალი მემარცხენეების კანდიდატი, მაგდალენა ბიეიატი 6.3%-ს, მემარცხენე პარტია ერთად-ის თანადამფუძნებელი, ადრიან ზანდბერგი კი 5.4%-ს.
რაფაუ თშასკოვსკი
რაფაუ თშასკოვსკი პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის მოქმედი მერია. მან 2018 წელს მერის არჩევნებში ხმების 56.67% პროცენტი აიღო. ორი წლის შემდეგ კი თშასკოვსკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდჟეი დუდასთან დამარცხდა, თუმცა, მას 10 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (48.97%) დაუჭირა მხარი. თშაკოვსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის პარტიის შიდა პრაიმერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი დაამარცხა.
თშასკოვსკის კამპანიის დროს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდისა და მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობით” მიდგომაზე საუბრობდა.
ასევე, თშასკოვსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. მისი თქმით, ომში რუსეთის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის როგორც პოლონეთის, ასევე ევროპისა და აშშ-ს უსაფრთხოებას.
ამასთან, თშაკოვსკიმ კამპანიის დროს პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარება უნდა შეეხოთ იმ უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთში “ცხოვრობენ, მუშაობენ და იხდიან გადასახადებს”.
გარდა ამისა, თშაკოვსკიმ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა აბორტის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
კაროლ ნავროცკი
პარტია კანონი და სამართალის მხარდაჭერილი კაროლ ნავროცკი კი ამომრჩევლებს დაპირდა კანონის შემოღებას, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს პრიორიტეტს მიანიჭებს და მიგრანტების წინ დააყენებს სამედიცინო მომსახურებისა და სასწავლო ადგილების ხელმისაწვდომობის საკითხში.
ასევე, ნავროცკის თქმით, ის დღეს ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ნავროცკიმ უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა “ევროპელ ელიტებს”, მათ შორის, ქვეყნის პრემიერს, დონალდ ტუსკს დააკისრა. ტუსკმა კი ნავროცკი კრემლის პროპაგანდის გამეორებაში დაადანაშაულა.
გარდა ამისა, ნავროცკი კამპანიის დროს ცდილობდა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ტუსკის მთავრობის მიმართ რეფერენდუმად წარმოეჩინა და აცხადებდა, რომ თშაკოვსკი და მისი პარტია “პოლონეთზე მეტად გერმანიას წარმოადგენენ და მათმა მხარდაჭერამ ევროკავშირის მიმართ, შესაძლოა პოლონეთა აშშ-სთან ურთიერთობა გაუფუჭოს”.
ამასთან, ნავროცკის თქმით, ის აბორტის შესახებ კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია.
აღსანიშნავია, რომ ნავროცკის მხარდაჭერაზე მკვეთრად აისახა “ბინების სკანდალი” - პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართვის დროს თქვა, რომ სხვა პოლონეთის მოქალაქეების მსგავსად, მასაც ერთი ბინა ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მის მფლობელობაში მეორე აპარტამენტიც არის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს სახლი პოლიტიკოსმა უნარშეზღუდული ასაკოვანი მამაკაცისგან მასზე ზრუნვის სანაცვლოდ მიიღო, თუმცა, ჟურნალისტებმა მამაკაცი ხანდაზმულთა სახლში აღმოაჩინეს.
სლავომირ მენცენი
ულტრამემარჯვენე პარტია კონფედარაციის ლიდერი სლავომირ მენცენი კი ამომრჩევლებს თავი იმიგრანტების საკითხის შესახებ ხისტი მიდგომით დაამახსოვრა. მისი თქმით, პოლონეთმა უნდა იმუშაოს არა მიგრანტების ინტეგრაციაზე, არამედ მათ დეპორტაციაზე.
უკრაინის შესახებ საუბრისას კი მენცენი ამბობს, რომ კიევმა ომის დასრულების მიზნით ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ამასთან, მან რამდენჯერმე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი, რადგან ის “კომპრომისზე” უარს ამბობს.
გარდა ამისა, კამპანიის დროს მენცენი ხაზს უსვამდა მისი პარტიის ლიბერტარიანულ ღირებულებებს და საუბრობდა გადასახადებისა და სოციალური ხარჯის შემცირებაზე.
აღსანიშნავია, რომ მენცენის პოპულარობა განსაკუთრებით იზრდება ახალგაზრდა ამომრჩევლებში და მისი მხადაჭერა თვალშისაცემია სოციალურ ქსელებშიც. პოლიტიკოსს TikTok-ზე 1.6 მილიონი გამომწერი ჰყავს.
როგორც კვლევები აჩვენებს, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის აუცილებლობა დადგება, სადაც თშასკოვსკის საშუალოდ 55% უჭერს მხარს, ნავროცკის კი 35%. თშავსკოსისა და მენცენის დაპირსპირების შემთხვევაში კი შესაბამისად 55.5% და 31.7%.
რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლონეთში საუბარი გახშირდა არჩევნებში რუსეთის მხრიდან “უპრეცენდენტო ჩარევის” შესახებ. ციფრული საკითხების მინისტრისა და ვიცეპრემიერის, კშიშტოფ გავკოვსკის თქმით, პოლონეთი მისმა როლმა, როგორ უკრაინის დახმარების ჰაბმა, რუსეთის მხრიდან საბოტაჟის, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის სამიზნედ აქცია. მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შესაძლო ჩარევის საკითხს მას შემდეგ, რაც დეკემბერში რუმინეთმა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.
“გავლენის მოხდენას ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებისა და პოლონეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჰიბრიდული თავდასხმების კომბინაციით, რათა მოახდინონ ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირების პარალიზება”. - თქვა გავკოვსკიმ 6 მაისს.
მანამდე, 13 იანვარს გავკოვსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა გამოააშკარავა ჯგუფი, რომელიც რუსეთის დაზვერვის დავალებით დეზინფორმაციას ავრცელებდა მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.




