პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებით, გამარჯვებული კონსერვატორი კაროლ ნავროცკი გახდა.
შედეგების მიხედვით, პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.
BBC აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, როგორც პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, ნავროცკი თავისი საპრეზიდენტო ვეტოს უფლებამოსილების გამოყენებას პოლონეთის პრემიერ მინისტრის, დონალდ ტუსკის პროევროპული პროგრამის დასაბლოკად გააგრძელებს.
ნავროცკი ტრადიციულ კათოლიკურ და ოჯახურ ღირებულებებს უჭერს მხარს და მტკიცედ იცავს პოლონეთის სუვერენიტეტს ევროკავშირის ფარგლებში.
ის მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში და ევროკავშირში მიმდინარე ომის დროს გაწევრიანება არ სურს.
BBC წერს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი უმეტესად სიმბოლური ფიგურაა, რომელსაც შეზღუდული გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე, თუმცა კანონმდებლობაზე ვეტოს დადება შეუძლია. ტუსკის პროევროპულ კოალიციურ მთავრობას არ აქვს საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობა, რათა ვეტო დასძლიოს.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა, რომელშიც ტშასკოვსკიმ ხმების 31.36% აიღო, ხოლო ნავროცკიმ - 29.54%. არჩევნებში აქტივობამ კი 67.31%-ს მიაღწია. თუმცა, ვინაიდან 50%-ზე მეტის აღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა





