პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, 11 ივნისს პარლამენტი მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრას გამართავს, ვინაიდან ქვეყანა "ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე" დგას.
ტუსკმა ნდობის შესახებ კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა და ვარშავის მერმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატთან, კაროლ ნავროცკისთან წააგო.
"ჩვენ სესიას ახალ პოლიტიკურ რეალობაში ვიწყებთ. პოლიტიკური რეალობა ახალია, ვინაიდან ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუმცა კონსტიტუცია, ჩვენი მოვალეობები და მოქალაქეთა მოლოდინები არ შეცვლილა. პოლონეთს მთავრობა მართავს, რაც დიადი მოვალეობა და პატივია". - თქვა ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დაწყებისას ვარშავაში.
ტუსკის მთავრობა პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა პოლონეთში პრეზიდენტის უფლებამოსილებებში კანონებზე ვეტოს დადება შედის. პრეზიდენტს ასევე შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პოლონეთის საგარეო პოლიტიკაზე. როგორც The Washington Post წერს, ნავროცკის გამარჯვება ტუსკს მეტად გაურთულებს პროევროპული დღის წესრიგი წინ წაწევას.
უცნობია, შეძლებს თუ არა ტუსკის კოალიცია პარლამენტის ნდობის მოპოვებას დაგეგმილი კენჭისყრის ფარგლებში. რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტი მას გადადგომისკენ უკვე მოუწოდებს. როგორც WP წერს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტუსკს პარტნიორებმა კოალიციიდან მხარი დაუჭირონ.
2025 წლის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტურში, ანდჟეი დუდას პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50.89%-ით გაიმარჯვა, ხოლო პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა, რაფაუ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% მიიღო.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები - კანდიდატები, მოლოდინები და ბრალდებები რუსეთის ჩარევაზე





