პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2025

ეგზიტპოლი: პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია

Wojtek Radwanski, AFP

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებით, ჯერჯერობით გამარჯვებულის განსაზღვრა რთულია.

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი, რაფაუ ტშასკოვსკი ხმების 50.3%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს პარტია კანონი და სამართალის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი კაროლ ნავროცკი იკავებს, ხმების 49.7%-ით. საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ხვალისთვის არის მოსალოდნელი.

ამასთან, ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ არჩევნებში აქტივობა თითქმის 73% იყო, რაც გამოცემა Notes from Poland-ის ცნობით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

კიდევ ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც სააგენტო OGB-მ კონსერვატიული მედია Republika-ს დაკვეთით ჩაატარა, ტშასკოვსკის ხმების 50.2% ჰქონდა, ხოლო ნავროცკის - 49.8%.

ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა, რომელშიც ტშასკოვსკიმ ხმების 31.36% აიღო, ხოლო ნავროცკიმ - 29.54%. არჩევნებში აქტივობამ კი 67.31%-ს მიაღწია. თუმცა, ვინაიდან 50%-ზე მეტის აღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა.

რაფაუ ტშასკოვსკი პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის მოქმედი მერია. მან 2018 წელს მერის არჩევნებში ხმების 56.67% პროცენტი აიღო. ორი წლის შემდეგ კი ტშასკოვსკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდჟეი დუდასთან დამარცხდა, თუმცა, მას 10 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (48.97%) დაუჭირა მხარი. ტშასკოვსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის პარტიის შიდა პრაიმერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი დაამარცხა.

ტშასკოვსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდასა და მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობით” მიდგომაზე საუბრობდა. 

ასევე, ტშასკოვსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. მისი თქმით, ომში რუსეთის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის როგორც პოლონეთის, ასევე ევროპისა და აშშ-ს უსაფრთხოებას.

ამასთან, ტშასკოვსკიმ კამპანიის დროს პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარება უნდა შეეხოთ იმ უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთში “ცხოვრობენ, მუშაობენ და იხდიან გადასახადებს”. გარდა ამისა, ტშასკოვსკიმ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა აბორტის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

პარტია კანონი და სამართალის მხარდაჭერილი კაროლ ნავროცკი კი ამომრჩევლებს კანონის შემოღებას დაჰპირდა, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს პრიორიტეტს მიანიჭებს და მიგრანტების წინ დააყენებს სამედიცინო მომსახურებისა და სასწავლო ადგილების ხელმისაწვდომობის საკითხში.

ნავროცკი ნათქვამი აქვს, რომ დღესდღეობით ის ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ნავროცკიმ უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა “ევროპელ ელიტებს”, მათ შორის, ქვეყნის პრემიერს, დონალდ ტუსკს დააკისრა. ტუსკმა კი ნავროცკი კრემლის პროპაგანდის გამეორებაში დაადანაშაულა.

კომენტარები