ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია სამოქალაქო პლატფორმის ლიდერი, რაფაუ თშასკოვსკი ხმების 30.8%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს პარტია კანონი და სამართლიანობის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი კაროლ ნავროცკი იკავებს, ხმების 29.1%-ით.
რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტია კონფედერაციის კანდიდატს, სლავომირ მენცენი ხმების 15.4%-ით მესამე ადგილს იკავებს. ამას გარდა, ეგზიტპოლის მიხედვით, მეოთხე ადგილზე გადის კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე კანდიდატი გჟეგორჟ ბრაუნი, ხმების 6.2%-ით.
მემარცხენე პარტია ერთად-ის თანადამფუძნებელ ადრიან ზანდბერგს კი ხმების 5.2% აქვს და წინ უსწრებს ცენტრისტული პარტია პოლონეთი 2050-ის ლიდერს, შიმონ ჰოლოვნიას, რომელიც 4.8%-ით მეექვსე ადგილზეა. ახალი მემარცხენეების კანდიდატი, მაგდალენა ბიეიატი კი ხმების 4.1%-ს იღებს.
ცნობისთვის, თუკი საბოლოო შედეგებით, პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს გაიმართება.
რაფაუ თშასკოვსკი პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის მოქმედი მერია. მან 2018 წელს მერის არჩევნებში ხმების 56.67% პროცენტი აიღო. ორი წლის შემდეგ კი თშასკოვსკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანდჟეი დუდასთან დამარცხდა, თუმცა, მას 10 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (48.97%) დაუჭირა მხარი. თშაკოვსკიმ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის პარტიის შიდა პრაიმერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი დაამარცხა.
თშასკოვსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდასა და მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ “ნულოვანი ტოლერანტობით” მიდგომაზე საუბრობდა.
ასევე, თშასკოვსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და მის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას. მისი თქმით, ომში რუსეთის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის როგორც პოლონეთის, ასევე ევროპისა და აშშ-ს უსაფრთხოებას.
ამასთან, თშაკოვსკიმ კამპანიის დროს პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დახმარების პროგრამაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დახმარება უნდა შეეხოთ იმ უკრაინელებს, რომლებიც პოლონეთში “ცხოვრობენ, მუშაობენ და იხდიან გადასახადებს”. გარდა ამისა, თშაკოვსკიმ კვლავ გამოხატა მხარდაჭერა აბორტის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
პარტია კანონი და სამართალის მხარდაჭერილი კაროლ ნავროცკი კი ამომრჩევლებს კანონის შემოღებას დაჰპირდა, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს პრიორიტეტს მიანიჭებს და მიგრანტების წინ დააყენებს სამედიცინო მომსახურებისა და სასწავლო ადგილების ხელმისაწვდომობის საკითხში.
ნავროცკი ნათქვამი აქვს, რომ დღესდღეობით ის ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, ნავროცკიმ უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა “ევროპელ ელიტებს”, მათ შორის, ქვეყნის პრემიერს, დონალდ ტუსკს დააკისრა. ტუსკმა კი ნავროცკი კრემლის პროპაგანდის გამეორებაში დაადანაშაულა.
ულტრამემარჯვენე პარტია კონფედარაციის ლიდერი სლავომირ მენცენი კი ამომრჩევლებს თავი იმიგრანტების საკითხის შესახებ ხისტი მიდგომით დაამახსოვრა. მისი თქმით, პოლონეთმა უნდა იმუშაოს არა მიგრანტების ინტეგრაციაზე, არამედ მათ დეპორტაციაზე.
უკრაინის შესახებ საუბრისას კი მენცენი ამბობს, რომ კიევმა ომის დასრულების მიზნით ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ამასთან, მან რამდენჯერმე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი, რადგან ის “კომპრომისზე” უარს ამბობს.