მედიის კანონი

მედიის კანონში ცვლილებები ონლაინმედიაზეც გავრცელდება

დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე მედიის კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. ივანიშვილის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიების რეგულირების შესახებაც.

"როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.

წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც:

  • ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.
  • ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს". - თქვა გორდულაძემ.

გორდულაძის ინფორმაციით, ონლაინმედიებში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, არამედ ის ორგანიზაციები "რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურირებული ფორმა".

"მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ საიტი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს. ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება.

აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურირებული ფორმა.

[...] ინტერნეტმედიამომსახურების მიმწოდებლის“ პასუხისმგებლობა იქნება პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, გაფრთხილების მიუხედავად დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კომუნიკაციების კომისიამ გამოიყენოს ჯარიმები, ბრუნვის 0.5%, 1%, 3%-ის ოდენობით. ამავდროულად, შესაძლებელია, შესაბამისი ინტერნეტდომეინის ან ინტერნეტჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტაც". - თქვა გორდულაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და მაუწყებლობის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი 4 მარტს დაუჭირეს.

"ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ისევ და ისევ, თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ, რისი პრევენციაც ჩვენ გვინდა." - განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

რეჟიმმა 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.

"კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

3 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. არჩილ გორდულაძის ამავე დღის განცხადებით, ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. 

"ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც." - თქვა გორდულაძემ.

ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომენტარის სახით ასევე აღნიშნა, რომ "დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც ხო? ბეჭდური მედია.. ნუ, სოციალური ქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ, კარგი იქნება, დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული. ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ."

კომენტარები