მედიის კანონი

ComCom-ი ტვ პირველისა და ფორმულას შესახებ გადაწყვეტილებას 3 ივლისს მიიღებს

ტვ პირველი.ფორმულა

კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანიების, "ტვ პირველისა" და ფორმულას" შესახებ გადაწყვეტილებას 3 ივლისს, 15 საათზე, მიიღებს.

ქართული ოცნება ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის.

ფორმულას იურისტის, ეთო ქათამაძის თქმით, კომისია ამ კანონს ამართლებს იმით, რომ ეს თითქოს ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნა და ნაწილია, თუმცა ეს 2016 წლიდან იდგა დღის წესრიგში, მაგრამ ვერ პოვა ასახვა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პრობლემურია და კანონი უნდა იქნეს ისე ზუსტად განმარტებული, რომ არ დატოვოს ინტერპრეტაციის საშუალება და დღეს არსებული ჩანაწერები კომუნიკაციების კომისიას ინტერპრეტაციების ძალიან დიდ საშუალებას აძლევს.

იურისტის შეფასებით, ამ საჩივრის დასაშვებად ცნობა და განხილვა სამომავლოდ ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის მედიებს. ის თვლის, რომ უკვე შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების წინასწარ ვარაუდი და ტელეკომპანიებს 3 ივლისს სამართალდამრღვევებად გამოაცხადებენ.

"ამ სხდომით, მოკლედ, გამოჩნდა ის, რასაც ვვარაუდობდით, რომ ამ საჩივრის წარმოებაში მიღება, უფრო სწორად დასაშვებად ცნობა და განხილვა არის სამომავლოდ ძალიან დიდი პრობლემა ცენზურის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში ასეთი აღქმა დამრჩა მე, რომ კახი ბექაური, ასე ვთქვათ, მადლობებსაც კი უხდიდა ქართულ ოცნებას, რომ მათ შეიტანეს ეს საჩივარი კომისიაში, რომ დამკვიდრდეს ერთგვარი პრაქტიკა. [...]

სამწუხაროდ, გამოჩნდა რეალურად კომისიის პოზიციაც უკვე. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ 3 ივლისს შეგვიძლია ვივარაუდოთ უკვე ეს გადაწყვეტილება რას ასახავს და რა იქნება მასში მოცემული. [...] პირადად მე დამრჩა შთაბეჭდილება და ალბათ ნეიტრალურ მაყურებელსაც, რომ 3 ივლისს კომუნიკაციების კომისია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ, ასე ვთქვათ, გვცნობს სამართალდამრღვევად და შეიძლება მოგვცეს გაფრთხილება." - თქვა მან.

ეთო ქათამაძემ აგრეთვე განაცხადა, რომ მათ მიმართეს წერილით და მოითხოვეს დღევანდელი სხდომის ადგილზე ჩატარება. მედიების მოთხოვნა კომისიამ არ დააკმაყოფილა.

"როდესაც ბატონმა კახიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ და ზედმიწევნით კეთდება, მაშინ დავსვი კითხვა, რომ როდესაც წინა კვირას მივმართეთ წერილით და მოვითხოვეთ, რომ ეს სხდომა, დღევანდელი სხდომა ჩაეტარებინათ ადგილზე, რატომ არ გაგვცეს საერთოდ პასუხი ან რატომ არ ჩატარდა ადგილზე ანუ რატომ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნა. ამაზე მოვთხოვე, ასე ვთქვათ, განმარტება და, საბოლოოდ, ვნახეთ, რომ რეალურად მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამას შემდეგ მოჰყვა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი განმარტებები, რომ თურმე მაინც უზრუნველყოფილია კომისიის საჯაროობა და არანაირი, ასე ვთქვათ, არ იყო საჭიროება იმის, რომ ადგილზე გაიმართოს სხდომა. [...]

ჩემი პირადი შეფასებაა, რომ არ სურს, რომ ადგილზე უფრო მეტი დაძაბულობა შეიქმნას თავისთავად. ახლა ყველანაირი საშუალება აქვთ, რომ თუ არ მოსწონთ მაგალითად პოზიცია გაგაჩერონ, გაგითიშონ მიკროფონი. ნუ ამ სხდომაზე ეს არ დასჭირდათ, თუმცა ამისი რეალური შესაძლებლობა მათ აქვთ, მაგრამ თუ ადგილზე ჩატარდება სხდომა თავისთავად მეტი გამოხმაურება მოჰყვება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანუ მეტი ადამიანი დაესწრება, თავისთავად ჟურნალისტებიც და აი ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მგონია, რომ სწორედ ტარდება აი, ამ რეჟიმში, რომელშიც ტარდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის გამონაკლისი. ძირითადად, ადმინისტრაციული წარმოება ყოველთვის, რა თქმა უნდა, ტარდება ადგილზე და ეს არის მათი მოგონილი წესი. " - ამბობს იურისტი.

ქართულმა ოცნებამ ტვ პირველსა და ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ კანონის" დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. როგორც ცნობილია, ივანიშვილის რეჟიმი ტელეკომპანიებს ისეთი ტერმინების გამოყენების გამო უჩივის, როგორებიცაა: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

კომენტარები