პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს და მაუწყებლობის შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
"ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ისევ და ისევ, თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია, რომ თავიანთი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მიიღოს სწორი, გადამოწმებული, ჯეროვანი ინფორმაცია და არა პოლიტიკური შეხედულებებით დახუნძლული, თუ პირდაპირ დეზინფორმაციული ხასიათის ფაქტების გავრცელება, რომლის არაერთი მაგალითიც ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ, რისი პრევენციაც ჩვენ გვინდა." - განაცხადა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
რეჟიმმა 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.
"კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის სტანდარტების მკაფიო რეგულირებას, რაც გულისხმობს, მათ შორის, მაუწყებლის ხარისხიანი და ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველსაყოფად დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგნის გაფართოებას, მაღალხარისხიანი მაუწყებლობის სტანდარტების ბრიტანული მოდელის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას, მედია პლურალიზმის და საზოგადოების ინფორმირების ხარისხის კუთხით საკანონმდებლო ნორმათა დახვეწას, აგრეთვე, სამაუწყებლო პროცესში ეთიკური სტანდარტების დაცვას" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
3 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. არჩილ გორდულაძის ამავე დღის განცხადებით, ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება.
"ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც." - თქვა გორდულაძემ.
ივანიშვილის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომენტარის სახით ასევე აღნიშნა, რომ "დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც ხო? ბეჭდური მედია.. ნუ, სოციალური ქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ, კარგი იქნება, დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული. ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ."





