მედიის კანონი

ComCom-ს შეეძლება გადაამოწმოს, იღებს თუ არა მაუწყებელი უცხოეთიდან დაფინანსებას - გორდულაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რეჟიმის მიერ, მაუწყებლის შემზღუდავ კანონპროექტში შესულ ახალ ცვლილებებზე ისაუბრა.

გორდულაძის თქმით, კანონპროექტში შეტანილი ახალი ცვლილების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიას (ComCom)-ს სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით მიეცემა შესაძლებლობა გადაამოწმოს "იღებენ თუ არა მაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსებას" და გამოითხოვოს ინფორმაცია "ჩარიცხვებისა და კონკრეტული გადარიცხვების" თაობაზე.

ივანიშვილის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროცედურულად პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში მიიღებს, ხოლო მხარეს ექნება შესაძლებლობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს. 

"როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ უცხოური ძალისგან პირდაპირი და არაპირდაპირი გზით მიიღონ დაფინანსება, რასაც აქვს თავისი დასაბუთება - ეს არის, რომ გავლენებისგან იქნეს დაცული საზოგადოება და საზოგადოებამ მიიღოს ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა ეფექტური მექანიზმის გამოყენებით გადაამოწმოს, იღებენ თუ არა მაუწყებლები უცხოეთიდან დაფინანსებას იმისთვის, რომ არცერთ პირს არ გაუჩნდეს სურვილი და ცდუნება, რომ კანონს გვერდის ავლით მიიღონ ამგვარი დაფინანსებები, კომუნიკაციების კომისიას ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს, სასამართლოს წესით გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ჩარიცხვების თაობაზე, კონკრეტული გადარიცხვების თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლო შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას 14 დღის ვადაში, მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ გაასაჩივროს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში, ხოლო სააპელაციო წესით, სასამართლოში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება 10 დღის ვადაში - ზუსტად ისეთივე მექანიზმია შემოთავაზებული, როგორც შემოსავლების სამსახურს აქვს თითოეულ პირთან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა სასამართლო წესით. 

[…] კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახდელის თაობაზე, თუ გასაჩივრდა სასამართლოში ამ აქტის მოქმედებას არ აჩერებს, გარდა იმისა, თუ მიღებულია გადაწყვეტილება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ამავდროულად, პირთა უფლებების დაცვა უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მხარეს აქვს საშუალება მოითხოვოს აქტის შეჩერება შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში - პირდაპირი და ავტომატური გაჩერება აღარ იქნება კანონმდებლობაში". - თქვა გორდულაძემ

ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა 1 აპრილის პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს III მოსმენით მხარი დაუჭირეს - კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 85 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი არცერთი.

ასევე, რეჟიმმა 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს - აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.

    კომენტარები