შსს-ს განცხადებით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, რომელიც საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
"მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას." - წერს შსს.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ. მოხალისეები დღეების განმავლობაში ეხმარებიან მათ საკვები პროდუქტებითა და ადამიანური რესურსებით.
112 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყინვა და ზვავსაშიშროება 3 მარტამდე შენარჩუნდება.





