დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

ყინვა და ზვავსაშიშროება 3 მარტამდე შენარჩუნდება - 112 მოქალაქეებს აფრთხილებს

112 მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"გაცნობებთ, რომ 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები - ყინვა და ზვავსაშიშროება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ" - წერია SMS-ში. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე დაიწევს.

"დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)" - წერს სააგენტო.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ისინი დახმარებას ითხოვენ და უყურადღებობაზე საუბრობენ.

მოქალაქეების ნაწილს არ მიეწოდება შუქი და წყალი, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას. გურიის სოფლებში არის მსხვერპლიც.

კომენტარები