დიდთოვლობა გურიაში

დიდთოვლობა გურიაში - რა ხდება, რა ვიცით და რას ამბობენ ადგილობრივები

დიდთოვლობა გურიაში

დიდთოვლობა გურიაში - რა ხდება, რა ვიცით და რას ამბობენ ადგილობრივები

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე რეგიონში სტიქიურად მოვლენილმა დიდთოვლობამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკული პირობები შეუქმნა. 

კრიტიკული ვითარებაა გურიის რეგიონში - ამ დრომდე გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სრულად შეზღუდულია, როგორც საფეხმავლო, ასევე სამარშრუტო გადაადგილება და მოსახლეობის უმეტესობას, არ მიეწოდება ელექტროენერგია

ადგილობრივები სტიქიისგან მიყენებული ზიანის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ - მათი უმეტესობა ასევე წერს, რომ ისინი ჩარჩენილები არიან საცხოვრებელ სახლებში და შეზღუდული აქვთ წვდომა გადაადგილებაზე.

მოქალაქე კესო მახარაძის თქმით, მას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, სოფელს ბუნებრივ აირზე წვდომა აქვს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, არიან თოვლში ჩარჩენილი მარტოხელა მოხუცები და ოჯახები. 

"რამდენიმე დღეა არ მაქვს შუქი, მთელს სოფელს მიეწოდება გაზი, მაგრამ არიან თოვლში ჩარჩენილი მარტოხელა მოხუცები და ოჯახები, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ვიცი, რომ სასწრაფო ვერ მივიდა ადამიანებამდე, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. თოვს გადაუღებლად, თოვლის საფარი არის 2 მეტრამდე". - წერს მოქალაქე კესო მახარაძე გურიიდან ვიდეოს ავრცელებს

დღეს, 25 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა, სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

აღნიშნული შემთხვევა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ დაადასტურა და თქვა, რომ შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. 

ასევე, რეგიონული მედიაგამოცემის, გურიის მოამბის ინფორმაციით, ნატანებში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მოხუც დედას უვლიდა - მათივე ცნობით, მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა 85 წლის მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

ტაბულა მომხდარის დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ამსახველ ფოტოებს მოქალაქე გიორგი კაშია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მის ოჯახს შეზღუდული აქვს გადაადგილება და კომუნიკაციაზე წვდომა 

 

"სოფელი ჩოჩხათი, ამ დილით, 03:00-03:30 ჩაინგრა სახურავი. გზა არ არის, არანაირი საკომუნიკაციო საშუალება! ოჯახი ამჟამად არის ავტომობილში.

დარეკეს სამაშველოში, 112 ში, მათგან პასუხი: როცა შემცირდება თოვლის მასა, აუცილებლად მოვალთო" - წერს ჯგუფში მოხალისეები გურიისთვის" მოქალაქე გიორგი კაშია და ფოტომასალას აქვეყნებს.

მოქალაქეები სახელმწიფოსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სტიქიის მიმართ არასათანადო რეაგირების ფაქტსაც აღნიშნავენ.  

მოქალაქე ანა ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თვითორგანიზებულად იმუშავა გზის გასაწმენდად.

"ისევ ადგილობრივმა მოსახლეობამ იყოჩაღა, გაათენა სოფელმა, 11 კაცი მუშაობდა 5 საათი, გზა გაწმინდეს საკუთარი ძალებით და დაშავებული გადაყვანილია ოზურგეთის კლინიკაში.

სამაშველო უნდა ასულიყო ურეკიდან და ვერ ადიან". - წერს მოქალაქე ანა ბოლქვაძე ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის"

მოქალაქე ნანა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორ შვილთან ერთად, ძველ სახლში მარტო დარჩა.

"ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის 4ა ვარ საშინელი მდგომარეობაში, მარტოხელა დედა ვარ ორი ბავშვით და ძველ სახლში ვარ არ ჩამოინგრეს მეშინია ეგებ ვინმემ დამეხმაროთ". - წერს მოქალაქე ნანა ღლონტი ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის" და ფოტოს აქვეყნებს

ფოტო: ნანა ღლონტი

 

კიდევ ერთი მოქალაქე, მარიამ ტოპიჭიშვილი სოციალურ ქსელში მოხალისეებს დახმარებას სთხოვს და წერს, რომ ჩოხატაურის რაიონში ერთ-ერთი ქალბატონის ჭიშკარი თოვლმა დაფარა და სახლიდან ვერ გადის. 

"ქალი არის ჩარჩენილი თოვლში, ჩოხატაურში, თბილისის ქუჩაზე!

მარტო ცხოვრობს და თქვა რომ სახლიდან ვეღარ გადის, ჭიშკარი დაფარა უკვე თოვლმა, მოხალისეები თუ ვინმე ხართ ჩოხატაურში, მომწერეთ და ნომერს გაგიზიარებთ". - წერს მოქალაქე Mariam Topchishvili ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის"

ასევე, მოქალაქე ხატია კეჭაღმაძის თქმით, სოფელ შრომაში ერთ-ერთი ბიჭი თოვლის გაწმენდისას დაშავდა, ხოლო გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა ლოკაციაზე ასვლა ვერ შეძლო.

კეჭაღმაძის თქმით, ადგილობრივების დახმარებით, ბიჭი ამ დროისთვის კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 

"სამაშველო უნდა ასულიყო ურეკიდან და ვერ ადიან, სოფელ შრომაში (ვაკეში) არის საჭირო სასწრაფო ან სამაშველო.

ბიჭია დაშავებული სერიოზულად და სასწრაფო ვერ მიდის - სამაშველომაც არ ვიცით თუ ავალთო. იქნება ვინმეს მივაწვდინოთ ხმა

სახლის გადმოთოვლის დროს დაშავდა და აქვს დაჟეჟილობები.

სასწრაფოდ გადასაყვანია!

გზა არ არის გაკვალული და მხოლოდ მძიმე ტექნიკით თუ აისვლება.

გადაიყვანეს კლინიკაში, ადგილობრივების დახმარებით". - წერს კეჭაღმაძე და ფოტომასალას აქვეყნებს

ხატია კეჭაღმაძე

სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ გურიასა და აჭარაში რეგიონებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფები, ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

კომპანიის განცხადებით, დამატებითი ჯგუფები ჩასულია: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

როგორც კომპანია წერს, გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა.

"ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება". - ნათქვამია განცხადებაში. 

ივანიშვილის წარმომადგენელის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სტიქიური მოვლენა "უბრალოდ თოვლია".

ასევე, დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზამ 7 რეისი შეაჩერა

კერძოდ გაუქმდა: 

  • 25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი;
  • 25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური;
  • 26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი;
  • 26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი;
  • 26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
  • 26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი;
  • 26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი;

კომენტარები