ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს- ქარტია მოთხოვნას უერთდება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. 

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. 

"მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა.

ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს" - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353¹ მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. 14 იანვარს ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ნინო სახელაშვილი 2022 წლიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

ამავე ვებგვერდზე მისი ბიოგრაფიის ნიხედვით, არ იძებნება არცერთი ეპიზოდი, როცა სახელაშვილი სისხლის სამართლის მოსამართლე იყო.

 

კომენტარები