ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პროკურატურა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს

მზია ამაღლობელი
მთავარი არხი

პროკურატურა გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის მზია ამაღლობელის პატიმრობას ითხოვს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე განიხილება.

პროკურატურამ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ბათუმელები/ნეტგაზეთმა მზია ამაღლობელის დაკავების კადრები გაავრცელა, როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელის დაკავებაში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილეობდა.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის მუქარა, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მისამართით ამბობს: "სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს".  

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს 2-ჯერ დააკავეს - თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით სამმართველოს შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის, რის შემდეგაც მალევე ხელწერილით გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის მუხლით. 

კომენტარები