ვენესუელა

ვენესუელის ოპოზიციის ცნობით, მადუროს რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერი დააკავა

Federico parra/AFP/Getty Images

ვენესუელის ოპოზიციის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი, მარია კორინა მაჩადო, რომელიც თვეების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

მაჩადო, რომელსაც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, კარაკასში მიმდინარე აქციაზე მოულოდნელად საჯაროდ გამოჩნდა. ოპოზიციის თქმით, რეჟიმის წარმომადგენლებმა მაჩადო აქციის დატოვებისას დააკავეს. 

"რეჟიმის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მოტოციკლებს, რომლებსაც ის გადაჰყავდათ". - დაწერა მაჩადოს პარტიამ.

გამოცემა WSJ წერს, რომ მაჩადოსთან დაახლოებული ორი პირის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ის მოტოციკლზე გადასვეს და წაიყვანეს. 

ცნობისთვის, 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია იგეგმება. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა.

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა. ამის გამო, მადუროს რეჟიმის სასამართლომ ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერიც გასცა. 

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონსალესს აღიარებს. შედეგებს აღიარებს მადუროს რეჟიმის მხარდამჭერი ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. 

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები